23 აპრილს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტის სხდომაზე, ადვოკატთა ფართო ჩართულობით, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. სხდომაზე იმსჯელეს კანონპროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მედიაციის ასოციაციის ფუნქციებსა და მის შემადგენლობაზე. ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტი შეიმუშავებს მედიაციის კანონპროექტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, რომელიც გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს.
ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მედიაციის ინსტიტუტის კანონის დონეზე რეგულირება მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს სამოქალაქო სამართალწარმოების ეფექტიან ადმინისტრირებას.
ადვოკატთა ასოციაცია განსაკუთრებით მიესალმება კანონპროექტის იმ დებულებას, რომლის საფუძველზეც მოქმედ ადვოკატს შეუძლია გახდეს მედიატორი და ჩაირიცხოს მედიატორთა რეესტრში, თუ მას გავლილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი და ფლობს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს.
ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა.